წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება
20 დეკემბერი 2019
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით, შემუშავდება ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერ-სახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება.
დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევად კი კონკურსი წლის ბოლომდე გამოაცხადდება.
2020 წლის იანვარის ბოლოს სამინისტრო განიხილავს პრეტენდენტებისგან მიღებულ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს. გეგმების შემუშავებისთვის დადგენილია 8 თვე. პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 2 თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.
სამუშაოთა პირველივე ფაზაში, გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად, დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა.
ქალაქთმშენებლობითი გეგმები, ერთის მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს მის განვითარებას.
ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები.